რაზე ვზრუნავთ
ისტორია და მისია
„2008 წლის კონფლიქტით დაზარალებულთა მხარდაჭერის ფონდი“ 2008 წელს დაფუძნდა. ფონდის დაფუძნების მთავარი მიზანი გახლდათ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება. ფონდის დახმარებით კონფლიქტის ზონაში დაიწყო საგანმანათლებლო დაწესებულებების აღდგენა, განხორციელდა სარეაბილიტაციო პროექტები ახალგაზრდა დედებისა და ბავშვებისათვის, დაფინანსდა სპეციალური კურსები ბიზნესის დამწყებთათვის, ასევე ხორციელდებოდა აქტივობები აგვისტოს კონფლიქტის დროს ხანძრების შედეგად გადამწვარი ტყის აღდგენის მიზნით. ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლი ქალაქ რუსთავში. 2014 წლიდან ფონდმა განახლებული მიმართულებები გამოაცხადა. ესენია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, განათლებისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერა.
ფონდ „სიცოცხლის ხის“ მისიაა მივცეთ შესაძლებლობა კომპანიებსა და მომხმარებლებს ეფექტურად და გამჭვირვალედ იზრუნონ საქართველოს უკეთესი მომავალის შექმნისათვის.
ძირითადი ღირებულებები
გულისხმიერება
„სიცოცხლის ხის“ ერთი-ერთი მთავარი ფასეულობა გულისხმიერებაა. ჩვენ გვჯერა, რომ უანგაროდ სიკეთის კეთება და სხვებზე ზრუნვა ადამიანური ბუნების ნაწილია. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ დიალოგს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის, ვუსმენთ მათს მოსაზრებებს და გულისხმიერებით ვეკიდებით ყოველივეს. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ სხვებზე ზრუნვის ერთობლივი წადილი და მეტი გულისხმიერება მოგვცემს შესაძლებლობას შევქმნათ უკეთესი მომავალი.
გამჭვირვალობა
საქმიანობა, რომელსაც „სიცოცხლის ხე“ ახორციელებს, აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს დეტალურად გაეცნოს შემოწირულობების რაოდენობასა და შემომწირველთა ვინაობას. ტრანსპარანტულია ასევე ყველა ის საქმიანობა, რომელსაც „სიცოცხლილს ხე“ ახორციელებს. ჩვენი ყველა აქტივობა, დონორი თუ ფინანსური ოპერაცია საჯაროა. ჩვენ მუდმივად ვაბარებთ საზოგადოებას სხვადასხვა ანგარიშს და რეგულარულად ვაქვეყნებთ მას.
სოლიდარობა
საქმიანობა, რომელსაც „სიცოცხლის ხე“ ეწევა, სრული ერთსულოვნებით ხორციელდება. ამ საქმიანობაში მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლები, ასევე საქართველოში მოღვაწე ბრენდები და მათი ხედვა არსებული სოციალური საკითხების შესახებ. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი შევქმნათ უკეთესი მომავალი და ამისათვის დახმარების ხელს ვუწვდით ერთმანეთს, რამეთუ გვწამს, რომ მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობითა და სოლიდარობით მიიღწევა უკეთესი მომავალი.
პასუხისმგებლობა
ჩვენ გვჯერა, რომ პასუხისმგებელი ვართ არა მარტო იმაზე, რასაც ვაკეთებთ, არამედ, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ; ამიტომ ღია ვართ ახალი იდეებისა და ახალი მიმართულების განსავითარებლად. ვათვითცნობიერებთ, რომ თითოეული ჩვენგანი საზოგადოების ნაწილი ვართ და გარკვეული პასუხისმგებლობა გვაკისრია საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობის პროცესში. უკეთესი მომავლის შექმნა კი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას მოითხოვს.
შედეგზე ორიენტირება
პროექტებს, რომლებსაც „სიცოცხლის ხე“ ახორციელებს, ყოველთვის აქვს კონკრეტული შედეგი, რომელიც ცალკეული სოციალური საკითხის მოგვარებისაკენ არის მიმართული. ჩვენ ვანვითარებთ თანამედროვე მეთოდებს, რათა კონკრეტულ გაზომვად შედეგებს მივაღწიოთ. ყველა მიმართულებით, რომელსაც „სიცოცხლის ხე“ ახორციელებს, ჩართული გვყავს სფეროს ექსპერტები, რათა ჩვენი შედეგები მდგრადი იყოს. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ კონკრეტული შედეგებით, რომელიც გაზომვადია, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანას.