სიახლეები

18 ოქტომბერი 2018

18 ოქტომბერს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში ღია კარის დღე გაიმართა

18 ოქტომბერს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში საგრანტო კონკურსის თემაზე ღია კარის დღე გაიმართა. ღია კარის დღეს 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლი ესწრებოდა. დამსწრეებმა მიიღეს პასუხები ყველა საჭირო კითხვაზე და დეტალურად გაეცნენ საგრანტო კონკურსის პირობებს.

სს „ საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა და განაცხადების მიღება  26 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალური თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ გუნდს, სოციალური საწარმოს შესაქმნელად გაიცემა მაქსიმუმ 50 000 ლარის მოცულობის გრანტი. 

2 თვის განმავლობაში სოციალური თემატიკით დაინტერესებულ 50-მდე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და საინიციატივო ჯგუფთან გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები. 

საქართველოს ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე მეხუთე წელია აფინანსებს საგრანტო კონკურსებს, რომლის ფარგლებშიც მდგრადი სოციალური პროექტები ხორციელდება. გასულ წლებში გამოცხადებულ კონკურსებში შეირჩა და „საქართველოს ბანკის“  მხარდაჭერით საერთო ჯამში 400 000 ლარით დაფინანსდა 10 სოციალური საწარმოს პროექტი. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და ნაწილი კი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.