სიახლეები

24 ოქტომბერი 2024

სიცოცხლის ხის ფონდის 2024 წლის სტიპენდიატები Chevening-ის პროგრამაში ცნობილია

სიცოცხლის ხის ფონდი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფონდი Chevening-ის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმ სტიპენდიატებს ასახელებს, რომელთაც დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას სრულად უფინანსებს. Chevening-ის პროგრამის ფარგლებში სიცოცხლის ხის ფონდის 2024 წლის სტიპენდიატები მარიამ მაჭარაშვილი, ლევან თევდორაძე და ნანა გელაშვილი გახდნენ. მარიამ მაჭარაშვილი ექსეტერის უნივერსიტეტში ინკლუზიური განათლების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ლევან თევდორაძე ლონდონის კინგის კოლეჯის პოლიტიკური ეკონომიის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, ხოლო ნანა გელაშვილი ლიდსის უნივერსიტეტში განათლების პროგრამის მაგისტრის ხარისხს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სიცოცხლის ხის ფონდი გამარჯვებულებს არა მხოლოდ სწავლას, არამედ ისეთ ხარჯებსაც უფინანსებს, როგორებიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. შეგახსენებთ, რომ Chevening-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას აძლევს.