სიახლეები

27 ნოემბერი 2017

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის დაფინანსებით სოციალური საწარმო ამფორეა გაიხსნა

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის მიერ 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში გაიმარჯვა კავშირ „რეას“ პროექტმა.

პროექტი, რომელიც კერამიკის სახელოსნოს და მაღაზიის მოწყობას, ადაპტირებას, მენტალური შეზღუდვის მქონე ბენეფიციარების სახელობო უნარების განვითარებას და მათ სახელოსნოში დასაქმებას ითვალისწინებდა, საქართველოს ბანკმა 50 000 ლარით დააფინანსა.

სოციალური საწარმო „ამფორეა“ ორ სივრცეს - კერამიკის სახელოსნოსა და მაღაზიას აერთიანებს, რომელშიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 ბენეფიციარია დასაქმებული.
სახელოსნოში მზადდება და მაღაზიაში იყიდება ხელნაკეთი ორიგინალური, დეკორატიული ნაკეთობები, სამკაულები, კერამიკის აქსესუარები, მათ შორის  საახალწლო თემატიკის.

პროექტის ფარგლებში გარემონტდა და მოეწყო სახელოსნო და მაღაზია, აღიჭურვა ავეჯით და კერამიკის გამოსაწვავი სპეციალური ღუმელით. მოხდა კერამიკის დამზადებისთვის საჭირო მასალის და ინვენტარის შეძენა, მაღაზიის ადაპტირება, სახელობო უნარებში  ბენეფიციარების დახელოვნება და დასაქმება.ბენეფიციარებმა მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, შეისწავლეს ხელობა, დასაქმდნენ და გაუჩნდათ შემოსავლის წყარო.

საწარმოს შემოსავალი შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება.

საქართველოს ბანკმა ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტით დააფინანსა, საწარმოები 2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიხსნება.