სიახლეები

30 მაისი 2017

საქართველოს ბანკის დაფინანსებით ბათუმში პირველი სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი გაიხსნა

საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ბათუმში პირველი სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი (Black sea hostel) გახსნა.

2016 წელს ფონდმა სიცოცხლის ხემ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. საქართველოს ბანკმა 200 000 ლარზე მეტი თანხით დააფინანსა საქართველოს ხუთ რეგიონში სოციალური საწარმოს შექმნის 5 პროექტი, რომლებიც წლის ბოლომდე ამოქმედდებიან. საწარმოების საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოხმარდება ისეთი აქტუალური სოციალური საკითხების მოგვარებას, როგორიცაა შშმ პირების დასაქმება, ახალგაზრდების განათლებასა და ეკოლოგიაზე ზრუნვა.

ფონდ „სიცოცხლის ხის“ მესამე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს პროექტმა, ბათუმში ადაპტირებული ჰოსტელის მოწყობის თაობაზე. საქართველოს ბანკმა სოციალური საწარმოს პროექტი 50 000 ლარით დააფინანსა.

აჭარის რეგიონში, როგორც ტურისტულ ზონაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სივრცისა და სერვისების არსებობა ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის. 

სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მოეწყო, რომელიც პანდუსითა და ამწით აღიჭურვა. ჰოსტელში განთავსებულია 30 საწოლი, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთახი და ერთი ლუქსი. ჰოსტელი ვიზიტორებს უზრუნველყოფს შემდეგი სერვისებით: სტუმრების 24 სთ-იანი მიღების სერვისი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, ტურისტული საინფორმაციო მომსახურება, გასართობი და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცე. ჰოსტელის ეზოში განთავსებულია ველოსიპედისა და ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკირების ზონები. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორიაზეა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ქალაქის ყველა უბანთან და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირება. სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელის საქმიანობა შშმ პირების გააქტიურებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ დასაქმებას უზრუნველყოფს. სოციალური საწარმოს მიზანია, ჰოსტელის შემოსავლის ნაწილი, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას, კერძოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდეს.